ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

წინასაარჩევნოდ ტელემაუწყებლებმა 22.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

წინასაარჩევნოდ ტელემაუწყებლებმა 22.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, – ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს. მათი განმარტებით,  კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2021 წლის საქართველოს მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ ტელე და რადიომაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 39 000 წუთზე მეტი დაუთმეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი დაახლოებით 23.2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. აქედან ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 35 000 წუთზე მეტი დაეთმო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 22.5 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ტელე და რადიომაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 3.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნულ სატელევიზიო მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დათმობილი დრო 12 ტელეარხზე გადანაწილდა. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით მოხდა, რომელიც თავად მაუწყებლებს ჰქონდათ დადგენილი შესაბამის სამაუწყებლო გადაცემებში.

უფასო პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებს თანხა რომ მიეღოთ ყველაზე დიდ წილს, 14.2% – 3.2 მილიონი ლარის ოდენობით „მთავარი არხი“ და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიიღებდნენ. „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი კი  სრული თანხის 13.6% – 3.1 მილიონი ლარით გაიზრდებოდა.  „რუსთავი 2“ („მედია ჰოლდინგის“)  სრული თანხის 11.2%-ით – 2.5 მილიონ ლარს მიიღებდა. „პოს ტვ“-ის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ შემოსავალი თითქმის ერთნაირად სრული თანხის 7.6%-ით – 1.7 მილიონი ლარით გაიზრდებოდა, ხოლო „ფორმულას“  შემოსავალი სრული თანხის დაახლოებით 7.1 %-ით – 1.6 მილიონი ლარით. „სტუდია მაესტროს“ შემოსავალი – 7.0 %-ით – დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა. „ტელეკომპანია იმედს“ მთლიანი თანხის დაახლოებით 6,6%-ით – 1.5 მილიონი ლარით გაეზრდებოდა შემოსავალი. „ევრონიუს ჯორჯიას“ კი,  თანხის 6%-ით – 1.4 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ექნებოდა. „პალიტრა ნიუსის“ შემოსავალი 4%-ით – 0.8 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. სავარაუდო შემოსავლიდან, ყველაზე დაბალი წილი 1% „ობიექტივს“ 266 ათასი ლარის ოდენობით დაემატებოდა.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“, „ლელო საქართველოსთვის“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩმა“ და „ტრიბუნამ“ 8 ეროვნულ სატელევიზიო არხზე განათავსა.

აღნიშნული სატელევიზიო არხებიდან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი  „რუსთავი 2“ -მა („მედია ჰოლდინგმა“ )  769 461 ლარის ოდენობით მიიღო. მისი ძირითადი დამკვეთი „ქართული ოცნება“ (87,2 %) იყო. „ტელეიმედის“ შემოსავალმა 640 132 ლარი შეადგინა, არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა. „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალმა 606 773 ლარი შეადგინა, მთლიანი თანხის 90% მაუწყებელზე პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ მიიტანა. „მთავარმა არხმა“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის 467 364 ლარი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (61.3%) „ლელო საქართველოსთვისაა“. „GDS“-ის შემოსავალი 276 648 ლარია და „ტელეიმედის“ მსგავსად, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა. „პოს ტვ“-ის შემოსავალმა 245 333 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი შემსყიდველი (88%) „ქართული ოცნება“ იყო. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშუქებით 194 477 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (63%) „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „პალიტრა ნიუსზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „გირჩმა“ 14 492 ლარის ოდენობით განათავსა.

რაც შეეხება რეგიონულ  მაუწყებლებს, ჯამში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა 44 661 ლარი მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button