წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნება” ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

ცესკოს განცხადებით,საგარეჯოშიც და მარტვილშიც დათვლილია ყველა უბანი.
საგარეჯოში 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 34.43%, მარტვილში კი 39.99%.

წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში გაიმარჯვა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა.

ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა), ზურაბ ჯორბენაძე – 0.49% (75), მიხეილ ანდღულაძე – 1.81% (276), გიორგი დავითაია – 2.35%(358).

რაც შეეხება მარტვილს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა სოსო დანელიამ მოაგროვა 72.54% (9620 ხმა), ხოლო ეთერ მეძველიამ 27.45% (3641 ხმა).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის შეფასებით, შუალედური არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის და უმნიშვნელო ხარვეზები და ეს ხარვეზები შედეგებზე არსებით ზეგალენას ვერ მოახდენს.

“არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ჩაიარა ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა იყო გარკვეული ტიპის შეფერხებებიც. მაგალითად, სააგარეჯოს საარჩევნო ოლქის მე-13 საარჩევნო უბანზე, კომისიას არ მიეცა საშუალება ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი საოლქო-საარჩევნო კომისიას მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც მიწოდებისთანავე აიტვირთა ცესკო-ს ვებგვერდზე და აისახა კიდეც წინასწარ შედეგებში. ყველა დანარჩენი უბნებიდან ცესკო-მ დროულად მიიღო საუბნო და საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დაუყოვნებლივ აიტვირთა კომისიის ვებგვერდზე”, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სულ დაწერილია 22 საჩივარი, აქედან 6 საჩივარი საგარეჯოში, 1 საჩივარი ხობში, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში 15 საჩივარი.
“დღეს და ხვალ განიხილება საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ, შესაძლებელია გარკვეულმა კანდიდატებმა ან დამკვირვებლებმა მიმართონ სასამართლოს, ხოლო ცესკო კანონით დადგენილ ვადებში, განსაზღვრულ შემთხვევებში ერთვება პროცესში”, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერმა დღესვე საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებიც დაასახელა. მისი თქმით, ყველა საარჩევნო ოლქში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა: საგარეჯო – ზაზა ჩიხლაძე 45.01%, მზია ნინიაშვილი – 100% (მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო აღნიშნულ საარჩევნო ოლქში), ვანი – რაულ ძაგნიძე 69.11% და ხობი – მელორი გელანტია 73.44%.

მსგავსი პოსტები

Back to top button