მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

საქართველოში ვიზიტს იწყებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბანი საქართველოში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორბანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

გამოცემა Hirtv უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პრესმდივნის, ბერტალან ჰავასის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ ორბანი საქართველოში გაემგზავრა ორდღიანი ვიზიტით.

ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გარდა, განხილვის თემა იქნება „მწვანე ენერგეტიკული კორიდორი – შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელი“.
“რომლის არსიც უნგრულ-რუმინულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობით მომავალში აზერბაიჯანული მწვანე ენერგიის უნგრეთში ტრანსპორტირება იქნება“, – განაცხადა ორბანის პრესმდივანმა.

უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს, რა დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ბერტალან ჰავასის თანახმად, მთავრობის ერთობლივ სხდომაზე, სავარაუდოდ, ხუთი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტის შესახებ 6 ოქტომბერს ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განუცხადა მედიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button