“გვარამიას სამთავრობო მესიჯები ალექსი ახვლედიანმა გადასცა”
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
“2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით.
პროკურატურის მიერ მოწმე ნ.გავარამიას მიეცა წინადადება, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მან უარი განაცხადა”, – აღნიშნულია პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა, ტელევიზიის შენობაში შედგა. მისი ვინაობის დასახელებისგან და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან გვარამიამ ოთხშაბათს თავი შეიკავა. “ჯერ არ ვარ მზად ამ ადამიანის დასასახელებლად. შეხვედრა მოხდა ამ შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ იმას ელოდებით, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით წარიმართა, ეს ასე არ ხდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მეთქვა იყო ისიც, რომ მე ამ შეხვედრის მტკიცებულებები არ მაქვს”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, ადამიანისგან, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა და გაიგო, რომ სასამართლო “რუსთავი 2”-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. “მითხრეს შემდეგი – არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებული ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში”, – განაცხადა გვარამიამ.