წითელი საღებავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე-პროტესტი ოპერატორის გარდაცვალების გამო
მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. პოლიტიკოსმა ამ ფორმით TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გააპროტესტა.
“წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.