“TV პირველს” ცნობილი სახეები ტოვებენ
ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია და დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია “ტვ პირველის” დატოვებას აპირებენ. “ნეტგაზეთს” ეს ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა ინფორმირებული წყაროსგან აქვს. სავარაუდოდ, ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს არხის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.
ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ამ საკითხზე კომენტარისაგან თავს იკავებენ. დიანა ტრაპაიძემ კი, “ნეტგაზეთს” უპასუხა, რომ ჯერ TV პირველზეა და “როდესაც რაიმე შეიცვლება, აუცილებლად გააგებინებს”. მან არ დაადასტურა მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ სამუშაოდ, “ფორმულაზე” გადადის.
აღნიშნულ საკითხზე არხის დირექტორი ვატო წერეთელი ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან “ტვ პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.
პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.
პირველ მაისს ინგა გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო: “ნინო იწყებს ახალ გადაცემას. იქნება ძალიან დიდი თოქ-შოუ, კორონავირუსი გადაივლის და უკვე წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით. ნინო იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარაკევს დიდი გადაცემით და მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე”.