UEFA რუსეთის ასაკობრივ გუნდებს უეფას ტურნირებზე აბრუნებს – უკრაინამ UEFA ს გადაწყვეტილება დაგმო
უკრაინას სოლიდარობა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც გამოუცხადა
UEFA რუსეთის ასაკობრივ გუნდებს უეფას ტურნირებზე აბრუნებს – „უეფა იყო პირველი სპორტული ორგანო, რომელმაც რეაგირება მოახდინა უკრაინის ომზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული გუნდები შეჯიბრებებიდან მოეხსნა. რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები და გუნდები უეფას ტურნირებში რუსეთის დროშის, გერბის, ჰიმნი და ოფიციალური მაისურის გარეშე ითამაშებენ. მატჩები ასევე არ ჩატარდება რუსეთის მიწაზე”- წერია განცხადებაში.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნოს 17 წლამდე ასაკის რუსი ფეხბურთელები, რომლებსაც მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
უკრაინა მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი ტოლერანტობას ნიშნავს. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მოითხოვს, რომ UEFA-მ გადაწყვეტილება შეცვალოს.
უკრაინა ადასტურებს, რომ არ აპირებს საერთაშორისო ტურნირებში რუს სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას და UEFA-ს წევრ სხვა ქვეყნებს მიმართავს, ბოიკოტი გამოუცხადონ მატჩებს, რომლებშიც მონაწილეობას რუსი ფეხბურთელები მიიღებენ.
UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 26 სექტემბერს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე დააბრუნოს 17 წლამდე ასაკის რუსი ფეხბურთელები. UEFA-ს განცხადებით, ის იყო პირველი სპორტული ორგანო, რომელმაც უკრაინაში ომის გამო ყველა შეჯიბრებას ჩამოაშორა რუსეთის გუნდები, გააუქმა პეტერბურგსა და ყაზანში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის და სუპერთასის ფინალები და სასპონსორო კონტრაქტი შეწყვიტა რუსულ კონცერნ „გაზპრომთან“.
ამასთან, UEFA მიჩნევს, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრება და ფეხბურთმა არ უნდა შეწყვიტოს მშვიდობის და იმედის გზავნილები. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 17 წლამდე ასაკის რუს ფეხბურთელებს UEFA-ს ეგიდით მატჩებში მონაწილეობის უფლება ექნებათ რუსეთის დროშის, ჰიმნის და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, UEFA-მ რუსულ საფეხბურთო კლუბებს და კაცების და ქალების ნაკრებ გუნდებს ჩამოართვა თავისი ეგიდით ტურნირებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგს ჩამოერთვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება. 2022 წლის მაისში ფინალი რუსეთის ნაცვლად საფრანგეთში ჩატარდა.
UEFA-ს გადაწყვეტილებითვე, 2023 წლის აგვისტოში, რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად საბერძნეთში ჩატარდა სუპერთასის მატჩი.
ინგლისის შემდეგ, პოლონეთისა და ლატვიის საფეხბურთო ასოციაციებმა განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას უეფას ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რუსი ფეხბურთელები დაიშვებიან.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ასაკობრივ გუნდებს ტურნირებზე აბრუნებს. ამის გამო, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) უარი თქვა ამ ტურნირებში მონაწილეობაზე და სხვა ქვეყნებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.