“უეფას სუპერთასის 13 500 ბილეთია გაყიდული”
12 ივლისის 21:30 საათის მდგომარეობით, უეფას სუპერთასის 13 500 ბილეთია გაყიდული. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
“გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურა და ისინი აგრძელებენ მუშაობას ბილეთების ამოწურვამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 09.00 საათიდან მიმდინარეობდა. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ბილეთებს გულშემატკივრები უწყვეტ რეჟიმში ყიდულობდნენ.
ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი 3 მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
დღის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა იუო მობილეზებული. ექიმებმა რამდენიმე მოქალაქეს ადგილზე დახმარება გაუწიეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე რჩებიან და საჭიროებისამებრ, ბილეთების რიგში მდგომ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენენ.
შეგახსენებთ: უეფა-ს სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გაიმართება.