უგზო-უკვლობას შეჩვეული ახმეტელები
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები თემო ჯანიბეგაშვილი თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენს. 64 წლის მამაკაცს გულის ოპერაცია აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლო ორი წელია, ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის 8 კილომეტრიანი გზის გაჭიანურებული რეაბილიტაციის გამო, ტაქსით ნაშოვნ თანხას, აუცილებელი მედიკამენტების შეძენის ნაცვლად, ისევ ავტომანქანის სარემონტოდ ხარჯავს.
თემო ჯანიბეგაშვილი:
„მე რომ არ ვიტაქსავო, წამალს ვერ ვიყიდი. თვეში 300 ლარის წამალი მინდა. ასე წვალებ-წვალებით… რასაც ვიღებ, ნახევარი საწვავში, ნახევარი – მანქანას და… ეს ასფალტი დაასხეს ზემოდან. ზემოთ, ჯვარედნამდე რომ ასულიყო, 30 მეტრი იქნება დარჩენილი და ის დატოვეს, პროექტში არ არისო. არადა, იქიდან, ზემოდან წამოსული წყალი, ნაგავი, ქვა-ღორღი ამ ასფალტზე გადმოდის. ეს წყალი შეუჯდება ასფალტს ქვემოდან და ერთ წელში აღარ იქნება.“
ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლას სოფელში გადათხრილი გზა, ღრმა ორმოები, მოუწყობელი სანიაღვრე არხიდან გადასული წყალი, ტალახი და მტვერი იწვევს, რაზეც ჯანიბეგაშვილის გარდა, მატანში მცხოვრები სხვა ადამიანებიც ღიად საუბრობენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გზა უკვე საფრთხის შემცველი გახდა.
მატანის მცხოვრები:
„ალბათ, ერთი ორი-სამი წელი მაინც იქნება. მთელი საუბნო გზებიც ასეა დანგრეული და ცენტრალური გზებიც. მარტო რემონტები მიდის. აბა, რა ეტყობა რემონტების…“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„და თქვენ ტაქსტით როგორ მოძრაობთ?
მატანის მცხოვრები:
„რასაც ვმოძრაობ, საწვავის ფულს ვიღებ, რომ ისევ ჩავასხა. აბა, რა გავაკეთო?“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„მანქანა არ გიზიანდებათ?“
მატანის მცხოვრები:
„ზიანდება, მარა რა გავაკეთო, აბა? სახლში დავჯდე? პენსია მე არ მაქვს, ხელფასი მე არ მაქვს. შეეჩვია ხალხი ამ უბედურებას. შეეჩვია, შევეჩვიეთ, შეგვაჩვიეს…“
მატანის მცხოვრები:
„გაკეთდებაო და აბა, რა ვიცი? იმათაც არ იციან. ისეთი მოჰყავთ, ხან „პრარაბი“ მოჰყავთ სხვა… დიდი არეული ამბავია. ზოგი იმას იძახის, ფული ბევრია ჩარიცხული და შეჭმულიაო. მერე ვეღარ აბამენ თავსო, მოჰყავთ სხვა „პრარაბი“, სხვა მუშა. რა ვიცი, ყარაჯალიდანაც კი მოიყვანეს, კაბალიდან მუშები. ისინიც გაიქცნენ.“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„რატომ, ხელფასს არ უხდიან?“
მატანის მცხოვრები:
„ეტყობა, იმდენს არ უხდიდნენ, უგვიანებდნენ და წავიდნენ.“
მატანის მცხოვრები:
„წვიმის დროს, ძალიან დიდი ნალექი თუ მოდის, არის საშინელი მდგომარეობა იმიტომ, რომ მთლიანად გზაზე მიდის, ლამის, ტბასავით კეთდება ხოლმე და ძალიან უჭირთ მანქანით და ფეხით ხომ, საერთოდ… გადაადგილება.“
მატანის მცხოვრები:
„სამი-ოთხი ბრიგადა შეიცვალა, ვინც მუშაობდა. ხელფასებს არ იძლევიანო. აბა, სხვა რა გითხრათ? და ასეა განებებული. ასე ყრია ხრეში. ჯერ, მოძრაობა როგორ ჭირს და ახლა კიდევ, მანქანები ვეღარ მოძრაობს. მერე შეიძლება, ისევ დაანგრიონ, დაასხან და მერე ისევ ხელმეორედ ამოთხარონ. სკოლაში რომ მიდიოდნენ ბალღები, გავაჩერე მანქანა, ჩამოვედი და ის ბალღები ამოვიყვანე, თხრილში იყვნენ ჩავარდნილები. ქალი წაიქცა, მე თვალი ავარიდე. ჩამოვედი და ავაყენე ისევ. ბაღია აგერ. ვერ შეჰყავს ბალღები და ვერ გამოჰყავს.“
გზაზე გართულებული მოძრაობა მხოლოდ სოფელში მცხოვრები ოჯახების პრობლემას არ წარმოადგენს. ადვოკატი ირაკლი უჯირაული ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას, ხშირად ფერხდება და მანქანის გაჩერებაც კი უჭირს.
ირაკლი უჯირაული:
„ისედაც, ვიწრო გზაა. უფრო კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. მანქანის გაჩერება იმ გზის ნაპირებზე არის წარმოუდგენელი, შეუძლებელია, პრაქტიკულად. გარდა იმისა, რომ მანქანები ზიანდება ამ მოუწესრიგებელი, გადათხრილი, გადმოთხრილი, ორმოებით გავსებული გზით, ასევე, ფიზიკურად ვერ გააჩერებ ავტომობილს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ეს რესპუბლიკური დაქვემდებარების გზაა, თვითმმართველობას ნაკლებად ეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საკითხის წამოწევა და პედალირება შესაბამის ორგანოებთან, რომ დროულად მიხედონ ამ საკითხს… ელემენტარულად, ადამიანებს აღარ აქვთ განცდა, რომ როდესმე დასრულდება ეს პროექტი.“
ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “არილი” აწარმოებს, რომლის წარმომადგენლები, რადიო „თბილისის“ მისვლისთანავე, სამუშაო ადგილიდან გაიქცნენ და ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. თუმცა, ვიდრე მიიმალებოდნენ, სამუშაოების გაჭიანურება ადგილობრივი მოსახლეობის დაუმორჩილებლობას დააბრალეს.
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„დღეს პოლიცია დაგვეხმარაო, ამბობდით…“
„არილის“ თანამშრომელი:
„დაგვეხმარა.“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„და რაში დაგეხმარათ? რატომ დაგჭირდათ პოლიციის დახმარება?“
„არილის“ თანამშრომელი:
„არ გვემორჩილებიან.“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„ანუ, მაინც უნდათ, რომ იმოძრაონ?“
„არილის“ თანამშრომელი:
„ჰო. გვეპარებიან აქეთ-იქიდან.“
ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:
„და ამიტომ ფერხდებით?“
„არილის“ თანამშრომელი:
„დიახ.“
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის გზის კეთილმოწყობა ორ ლოტად იყო დაყოფილი და ერთი ლოტის მშენებლობა, რომელშიც სოფელ მატანზე გამავალი გზაც შედის, შემსრულებელი კომპანიის მიერ დაგვიანდა. მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
გიორგი წერეთელი:
„ახმეტა-ბაწარას მონაკვეთი იყო ორ ლოტად დაყოფილი. პირველი ლოტის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ჩაბარებულია. ხოლო მეორე ლოტზე გარკვეული გამოწვევები იყო. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდინარე წელს უკვე სრულიად იქნება დასრულებული აღნიშნული მონაკვეთი.“
რადიო „თბილისი“:
„რა იყო ეს წინაღობები, უფრო დეტალურად?“
გიორგი წერეთელი:
„გარკვეულწილად, ეს იყო კომპანიიდან გამოწვეული დაგვიანება.“
ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 650 ათასი ლარია. სარეაბილიტაციო პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყოს საგზაო ნიშნები და განხორციელდეს გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჯერ კიდევ მარტში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ გზა დასრულების ეტაპზეა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, სოფელი მატანი კვლავ გადათხრილია, სანიაღვრე არხები გზის მხოლოდ ერთ მხარესაა დაწყებული, ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა კი, მხოლოდ 2.3 კილომეტრიან მონაკვეთზეა მოწყობილი.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.