უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 400 მილიონი დოლარის შეიარაღებას
გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 400 მილიონი დოლარის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
„უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის 4 სისტემა Avenger-ს და მათთვის განკუთვნილ რაკეტებს (Stinger). უკრაინას გადაეცემა რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის HAWK-ი, დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 21 ათასი 155-მილიმეტრიანი ჭურვი, ამავე კალიბრის მაღალი სიზუსტის 500 ჭურვი, 100 საბრძოლო მანქანა, 400 ნაღმმტყორცნი, 20 მილიონი ტყვია და სხვა საბრძოლო მასალები და ტექნიკა.
„დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი 400 მილიონ დოლარამდე დახმარების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას სამშობლოს დაცვაში. საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის თავდაცვის ურყევ მხარდაჭერაში“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ტვიტერზე წერს, რომ თანამედროვე აღჭურვილობას+უკრაინის თანამედროვე არმია დაამარცხებს საბჭოთა ჯართს+მკვლელებს, მოძალადეებს და მაროდიორებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი დახმარებისთვის მადლობას უხდის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და ამერიკელ ხალხს.
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, აშშ სამხრეთ კორეელი მწარმოებლისგან უკრაინისთვის 100 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
„ეს გაზრდილი საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს ფრთოსანო რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა სალივანმა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 18.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას Reuters-ი იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც სააგენტომ მოიპოვა.
ცნობილი ხდება, რომ გერმანიის მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოყო – თანხა რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას მოხმარდება.
Reuters-ი წერს, რომ “გერმანია უკრაინის სიდიდით მესამე სამხედრო დონორია, თუმცა ბევრად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს – მისი იარაღის მიწოდება გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროების წარმატებისთვის ბრძოლის ველზე, რაც პარასკევს ხერსონის აღებით დასრულდა”.
“უკრაინის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა სცილდება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იარაღის მიწოდებას. ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მშვიდობისთვის – ევროპასა და უკრაინაში”, – თქვა გერმანელმა დეპუტატმა რობინ ვაგენერმა, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინის საპარლამენტო ჯგუფს.
თანხების ნაწილი მოხმარდება ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, მათ შორის იმ დარღვევების აღმოჩენას, რომელიც რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ვლინდება.
დამატებითი თანხა ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.