უკრაინამ ევროკავშირის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან პირველი ტრანში, მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მლრდ ევრო მიიღო – ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე ერთობლივი გამარჯვებისთვის.
“უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო. მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის” – წერს ზელენსკი
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას მხარი დაუჭირა.
უკრაინა 2023 წელს ევროკავშირისგან დახმარების სახით ყოველთვიურად 1,5 მლრდ ევროს მიიღებს.
საპროცენტო ხარჯების დიდ ნაწილს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ.
კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები გაუყინა, რომელზეც მათ 105 მილიონი ევრო ჰქონდათ შენახული, – ამის შესახებ კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, კონსტანტინოს პეტრიდსმა CBS-თან ინტერვიუსას ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, კვიპროსი ასევე “გაძლიერებულ კონტროლს” გაუწევს იმ რუსი ოლიგარქების კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან მოხვედრილები. ამასთან ერთად, მათ ჩამოერთმევათ კვიპროსის მიერ გაცემული ე.წ “ოქროს პასპორტები”, რომლებიც რუს ოლიგარქებს შესაძლებლობას აძლევდა მარტივად გაეკეთებინათ ბიზნესი ქვეყანაში.
როგორც CBS აღნიშნავს, “ოქროს პასპორტების” გაცემა კვიპროსმა 2013 წლიდან დაიწყო. პასპორტების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეებს გადაეცათ, მათ შორის იყვნენ ოლიგარქებიც.
მხოლოდ 2022 წელს, კვიპროსულ ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეებმა 5,6 მილიარდი ევრო განათავსეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა თქვა, რომ ახალ პაკეტში უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკის, ასობით ჯავშანმანქანის, მათ შორის Bulldog-ის სახელით ცნობილი ჯავშანტრანსპორტების გადაცემაა დაგეგმილი.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე თვითმავალი ჰაუბიცები, 100 ათასი საარტილერიო და 100 მართვადი რეაქტიული ჭურვი შედის.
უოლესის თქმით, ახალი პაკეტი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეკავებიდან, რუსული ჯარების საკუთარი მიწიდან განდევნაზე გადავიდეს.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა მოკავშირეები შეძლებენ უკრაინის სამხედროების Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკებით უზრუნველყოფას. მისი თქმით, ყველაფერი გერმანიაზეა დამოკიდებული, რომელიც ამ მანქანებს აწარმოებს.
“პოლონეთს დიდი სურვილი აქვს მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები, ისევე როგორც ფინეთს. ეს ყველაფერი ამჟამად გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. არა მხოლოდ იმაზე, მიაწვდიან თუ არა გერმანელები უკრაინას საკუთარ ლეოპარდებს, არამედ მისცემენ თუ არა ამის გაკეთების ნებართვას სხვებს. ჩემს გერმანელ კოლეგებს ამისკენ დაჟინებით მოვუწოდებ. გერმანიის ხელისუფლებაში ამჟამად მიმდინარეობს კამათი, არის ეს ტანკი შეტევითი თუ თავდაცვითი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის იყენებ მას. თუ თქვენ მას იყენებთ თქვენი ქვეყნის დასაცავად, თავს დავდებ, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღის სისტემა. მეორეც, ეს არის საერთაშორისო კოალიცია”, – თქვა უოლესმა.