უკრაინაში ომის 689-ე დღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის გამოცხადებით დაიწყო

უკრაინაში, ომის 689-ე დღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის გამოცხადებით დაიწყო. დილიდან რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმის.
„უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ მოიგერია“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
დღეს დილით, აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა.
ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, რომ რუსებმა რეგიონი 71-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
“გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი,” – აცხადებს პროკუდინი.
მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.