“უკრაინაში ომის განახლების საშიშროება დიდია”
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, დიდია ომის განახლების საშიშროება, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში სისტემატურად ირღვევა საზავო შეთანხმება.
ამის შესახებ პოროშენკომ ისაუბრა დღეს, კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება და სოლიდარობა, რათა თავიდან აიცილოს ომი დონბასის რეგიონში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის კონფლიქტის შედეგად უკვე 6000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. პოროშენკოს განცხადების ფონია უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ინფორმაცია სეპარატისტთა მიერ სარაკეტო დანადგარების გამოყენების შესახებ. ამ იარაღის გამოყენებას კრძალავს 2015 წლის თებერვალში, მინსკში მიღწეული შეთანხმება. დღეს გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ უკრაინამ ბევრად ნაკლები ფინანსური დახმარება მიიღო, ვიდრე საბერძნეთმა, იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე რუსეთის ტანკები განთავსებული არ არის. კონფერენციის მონაწილეთათვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ სრულად არ განხორციელდება მინსკის შეთანხმება. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში რუსი ჯარისკაცების არსებობას.