უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დაიღუპა 4113 სამოქალაქო პირი
უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 600-ზე მეტი რუსი, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაიღუპა 4113 სამოქალაქო პირი, მათ შორის 264 ბავშვი. ამის შესახებ იტყობინება გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი კიევში.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მთლიანობაში დაიღუპა 2337 ადამიანი, მათ შორის 144 – პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.
დაჭრილია თითქმის ხუთი ათასი ადამიანი, მათგან 421 ბავშვია.
სიკვდილისა და დაჭრის ძირითადი მიზეზია საარტილერიო და საჰაერო დარტყმები.
გაეროს მიაჩნია, რომ რეალური რიცხვები ბევრად მეტია, ვინაიდან მრავალი ცნობა დამატებით დადასტურებას საჭიროებს. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ინფორმაცია შეფერხებებით ვრცელდება. ეს ეხება, მაგალითად, ისეთ დასახლებულ პუნქტებს, როგორებიცაა მარიუპოლი, იზიუმი და პოპასნაია, სადაც, სხვადასხვა ინფორმაციით, სამოქალაქო პირთა სიკვდილისა და დაჭრის მრავალრიცხოვანი შემთხვევები დაფიქსირდა.
ამასთან რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკზე საჰაერო იერიში მიიტანეს და ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს.
ინფორმაციას ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰეი ჰაიდაი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები.
“აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. სუსტი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, ადვილი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე მოწამვლისას ფილტვის შეშუპება”, – წერს ჰაიდაი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიყენონ ნიღბები აზოტის მჟავის ორთქლისა და ნისლისგან დასაცავად.
“მოამზადეთ სოდიანი ხსნარით გაჟღენთილი დამცავი სახის ნიღბები! თვალებზე მოხვედრისას აზოტის მჟავა იწვევს ძლიერ დაზიანებას, მხედველობის დაკარგვას”, – ამბობს ის.
ომის დანაშაული უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 600-ზე მეტი რუსი, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს ჰააგაში შეხვდა და უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ გამოძიებაზე ესაუბრა.
ვენედიქტოვას განცხადებით, ეჭვმიტანილებს შორის არიან მაღალი დონის სამხედრო ოფიცრები, პოლიტიკოსები და რუსული პროპაგანდის აგენტები”.
გენერალური პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება ფერხდება, ვინაიდან ომი კვლავ გრძელდება.
გუნდს, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებს, ესტონეთი, ლატვია და სლოვაკეთი შეუერთდნენ. გუნდში, რომელიც 21 მარტს შეიქმნა, თავდაპირველად უკრაინა, ლიეტუვა და პოლონეთი შედიოდნენ.
კარიმ ხანის განცხადებით კი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მომდევნო კვირებში კიევში ოფისის გახსნაზე იმუშავებს.