მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

23 წლის გოგონა დედას ეძებს

23 წლის მარიამ ჩარკვიანი გურჯაანელ დედას ეძებს.

ის თბილისში გაიზარდა, 2016 წელს, გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ, მის პანაშვიდზე შეიტყო, რომ ნაშვილებია და მას შემდეგ, ბიოლოგიურ დედას ეძებს.

“ეჭვიც არ მქონდა, რომ ნაშვილები ვარ. დედა რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე გავიგე. მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებ ბილოგიურ დედას”- ამბობს მარიამი რადიო ჰერეთთან.

გოგონას დედის შესახებ, მცირე ინფორმაცია აქვს. მან ნათესავებისგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ გურჯაანის სამშობიაროში, 1997 წლის 14 ივლისს დაიბადა.

“ნამდვილ დედაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან პატარა, 15- 16 წლის იყო. გურჯაანის რაიონში სოფელ ბაკურციხეში ცხოვრობდაო. მაჯაზე მქონდა დამაგრებული, რომ მისი გვარი და სახელია, ნათია სომხიშვილი. ქერა და ცისფერთვალება ყოფილა.

მეც მწვანე თვალები მაქვს. მამის სახელად დავითია მითითებული და არ ვიცი, ნამდვილია, თუ ისე, უბრალიდ წააწერეს” – ამბობს მარიამი.

მარიამ ჩარკვიანის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ექთანი, რომელმაც ის გამზრდელ დედას გადასცა, გურჯაანის სამშობიარო სახლთან ახლოს ცხოვრობდა.

“გადმოცემით ვიცი, რომ ექთანი იყო დაბალი, მსუქანი და ცხოვრობდა სამშობიაროსთან ახლოს. მისგან წამიყვანეს, როგორც მეუბნებიან. გამზრდელ დედასთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი ქალი

იყო, მაგრამ მინდა გავიცნო ჩემი ბიოლოგიური დედა, რომელსაც არც გავკიცხავ, არც გავუწყრები. მხოლოდ ჩემი წარმომავლობა მინდა ვიცოდე. ვერ გეტყვით, რომ რამე გრძნობა მაქვს, ფაქტიურად უცხო ადამიანის მიმართ, მაგრამ სანამ არ შევხვდები, ძნელია ლაპარაკი. ოჯახი, სადაც ახლა გათხოვილი ვარ, ყველანაირად მხარს მიჭერს”- ამბობს მარიამი.

მარიამ ჩარკვიანს, ბიოლოგიური დედის პოვნაში, საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button