უკრაინაში სააკაშვილის მონეტები გაიყიდება

უკრაინაში გაყიდვაში საკოლექციო მონეტები გამოჩნდა, რომლებზეც ოდესის ოლქის გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილია გამოსახული.
მყიდველებს 1000 ლარის ნომინალის სპილენძისა და ნიკელის შენადნობის, ვერცხლისა და ოქროს მონეტებს სთავაზობენ. ასევე, მსურველებს მემორაბლიის ანუ სააკაშვილის სახელდებითი პორტრეტის ავტოგრაფითურთ შეძენა შეუძლიათ.

მონეტები, რომლებზეც სააკაშვილი, ევროკავშირის გერბი, შავი ზღვის გეოგრაფიული რუკა, საქართველოსა და უკრაინის დროშებია გამოსახული, 850, 2 650,2 950 და 34 900 უკრაინულ გრივნად გაიყიდება, ხოლო მემორაბლია კი 7 900 გრივნად.
უკრაინული მასმედიის ინფორმაციით, მონეტები კერძო საიუველირო ფირმამ გამოუშვა. პროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ „რეფორმატორის მონეტა“ სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად და მისი უკრაინის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით მოიჭრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
“საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

სააკაშვილმა 2013 წლის ნოემბერში საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. ქართული კანონმდებლობის თანახმად,თუ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button