მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, შეცვლიან “ვაგნერელებს”, რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიერონ.

“რუსი სამხედრო პერსონალი, სავარაუდოდ, შეცვლის “ვაგნერის” დაქირავებულ ძალებს, რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიეროს.
“ვაგნერის” ძალებმა ბახმუტის რეგიონში ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას სოლედარის აღების შემდეგ. რუსული არმიის ქვედანაყოფები ახლა ბახმუტისთვის ბრძოლებში მონაწილეობენ, რათა რუსული შეტევა გააძლიერონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები ბახმუტის რეგიონში 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან მოქმედებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ ან ცვლიან “ვაგნერელებს”.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამატებითი ძალების გადანაწილების შემდეგ, რუსებმა, სავარაუდოდ, არ ამოწურეს შეტევითი პოტენციალი ბახმუტის რეგიონში.

ამასთან 28 იანვარს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20-მდე დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი.
შესაბამისი განცხადება ზაპორიჟჟიის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ Telegram-ზე გააკეთა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, რეგიონში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
პოლიციამ სამოქალაქო სახლებზე (ბინებსა) და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსული თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ 27 შეტყობინება მიიღო
როგორც მედია წერს, გარდა ამისა, მტერმა უკრაინელი დამცველების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა 126-ჯერ.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღამის განმავლობაში იბომბებოდა დონეცკი და ხერსონი, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დღეს, დილით კონსტანტინოვკაში სახლებზე მიტანილი იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მძიმე არტილერიით დაიბომბა დნიპროპეტროვსკი. უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება გრძელდება. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში 66 500 ომის დანაშაულია აღრიცხული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ფრონტის ხაზიდან დაშორებული წერტილებიდან მიიტანოს იერიში უკრაინულ ქალაქებზე.

“რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩვენს ქალაქ კოსტიანტინივკაზე დონეცკის ოლქში. დაარტყეს საცხოვრებელ ტერიტორიას. ამ დროისთვის დაზარალებულთა სიაში 17 გვარია. 14 დაშავდა. 3 გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. რუსული რაკეტები 4 საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა კოსტიანტინივკაში. მსგავსი დაბომბვები სამწუხაროდ ყოველდღიურობა გახდა. დონბასი, ხარკოვის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი. შესაძლებელი იქნებოდა ამ რუსული ტერორის შეჩერება, თუ შევძლებდით ჩვენი სამხედროების შესაბამისი სარაკეტო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები – რათა ოკუპანტებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათავსონ რაკეტების გამშვები დანადგარები ფრონტის ხაზიდან შორს და გაანადგურონ უკრაინული ქალაქები.

მადლობა ყველას მსოფლიოში – პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და უბრალო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ამტკიცებენ, რომ რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღის მიწოდებაზე ტაბუ არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორებმა დააჩქარონ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგის მიწოდება,” – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს რომ გასულ დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 იერიში მიიტანეს ოკუპანტების კონცენტრაციის წერტილებზე.

“მტრის განზრახვა უცვლელია – გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. იერიშები მიაქვს სამოქალაქო ობიექტებსა და სახლებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს დონეცკისა და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო დარტყმების საფრთხე. მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 4-ჯერ მიიტანეს იერიში ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებზე, დაარტყეს 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის საჰაერო თავდაცვის 2 პოზიციას და საბრძოლო მასალის საწყობს,” – თქვა სტუპუნმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button