მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 10 დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს

"უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია"

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათივე ცნობით, ერთი დღის განმავლობაში რუსებმა 1 რაკეტა ისროლეს და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბი ამბობს, რომ ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს ავდეევკასა და ლიმანის მიმართულებით. მათივე განცხადებით, გრძელდება თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით და იზრდება ავიაციის გამოყენების ინტენსივობა.
უწყება აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის დასახლებებში. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, რჩება ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენების საფრთხე.

მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

“ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მეთოდებით, ეს არის რაც ყველას გვსურს,” – თქვა ნიკუ პოპესკუმ.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოლდოვის ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახა, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.

“უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია” – ამ სიტყვებით მიულოცა “უკრაინის ერთიანობის დღე” ხალხს პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, თუ ბრძოლა არ შეწყდება, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება.

ზელენსკის განცხადებით, თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის ერთიანობის დღეს. ამ ისტორიულმა მოვლენამ ორი სიბრძნე გადასცა უკრაინელების მომავალ თაობებს. თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება.

მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივი-რიჰიდან, ჟიტომირიდან, ლუჰანსკიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან მარიუპოლისთვის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის. და მებრძოლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან ავდიივკასთვის, ბახმუტისა და სოლედარისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ კიევს და ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ხარკოვს. და ჩვენ ყველა ერთად ვათავისუფლებთ ხერსონს.

ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავიბადეთ და გავიზარდეთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთიანნი ვართ, რადგან ძლიერები ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ერთიანნი ვართ. ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთიანობის დღეს!” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button