უკრაინელებმა მტრის 22 შეტევა მოიგერიეს-რუსეთმა უკრაინაში 207 910 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 64 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 88-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
“გასული დღეების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა გაანხორციელა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა, დაზიანდა კერძო სახლები და ინფრასტრუქტურა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 შეტევა მოიგერიეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მოწინააღმდეგე თავდაცვას განაგრძობს.
გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 4 საარტილერიო ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში განადგურებულია მოწინააღმდეგის 32 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 910 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3802
ჯავშანტექნიკა – 7472
საარტილერიო სისტემა – 3460
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 575
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 333
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3124
ფრთოსანი რაკეტა – 1107
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6230
სპეცტექნიკა – 454
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.