უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
“5 ნოემბრის საღამოს 20:00 საათიდან 6 ნოემბრის შუაღამემდე ოკუპანტებმა უკრაინას რამდენიმე ტიპის რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან X31 და X59 მართვადი რაკეტები იყო გასროლილი. ასევე, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტები და Shahed 136/131 დრონები გაუშვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ.
“უკრაინული ჯარები ბახმუტის მახლობლად შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ისინი ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით და ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მცირე წინსვლა აქვთ ვერბოვოს დასავლეთით (რაბოტინოს აღმოსავლეთით 10 კმ) და კრინკში (ხერსონიდან აღმოსავლეთით 30 კმ).
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან განაცხადა, რომ ომი ჩიხში არ შესულა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.
უკრაინამ, რომელიც თავდაცვის ძალების დანაკარგებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს, განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის 19 მებრძოლი. ინფორმაცია დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნდა ბრიგადის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.
128-ე ბრიგადა აცხადებს, რომ მიმდინარეობს ტრაგედიის ყველა გარემოების დეტალური შემოწმება და ამ პროცესის დასრულებამდე ყველას სთხოვენ, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ყალბ ინფორმაციას.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელში, 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროთა თავმოყრის ადგილზე სარაკეტო იერიში 3 ნოემბერს მიიტანეს. 4 ნოემბერს, გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის შსს-ში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სავარაუდოდ, დაიღუპა 20-ზე მეტი მებრძოლი. წინასწარი ინფორმაციით, ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ერთ ადგილზე შეკრიბეს არტილერისტთა დღის გამო ჯილდოების გადასაცემად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 5 ნოემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს.
უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრე რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სარაკეტო შეტევა განხორციელდა სოფელ დიმიტროვოზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია და 50-მდე უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.