უკრაინის ქალაქ ლვოვში მაშველებმა კიდევ 3 ცხედარი იპოვეს

მაშველებმა კიდევ 3 ცხედარი იპოვეს უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსული რაკეტით 6 ივლისს განადგურებული სახლის ნანგრევებში. განახლებული მონაცემები დილის 8 საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის შსს-მ. დაახლოებით ერთ საათში, ლვოვის მერმა ანდრი სადოვიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი. შესაბამისად, 7 ივლისის დილის მდგომარეობით, დადასტურებულია 10 ადამიანის სიკვდილი.
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა 42 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
ლვოვის მერის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად განადგურდა 30 სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ორი შენობა ბავშვთა სახლი და სკოლა. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური. განადგურებული სახლებიდან ევაკუირებული 60-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლვოვის ოლქზე თავდასხმისას გამოიყენეს 10 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა გაანადგურეს.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანა მორიგი შეტევა, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 18 დამრტყმელი დრონი და 12 მათგანი განადგურებულია. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 6 დრონი. ერთი მათგანის ნამსხვრევები დაეცა ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილს. დაიღუპა 2 ადამიანი.