მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოაგდეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 718-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 45 “შაჰიდის” ტიპის დრონი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 40 დრონი ჩამოაგდეს.

“11 თებერვლის ღამეს ოკუპანტებმა ყირიმიდან 45 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 “შაჰიდი” განადგურდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, დრონები კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამით წერს, რომ თავდაცვის სისტემამ გაანადგურა რუსეთის მხრიდან გაშვებული, “შაჰედის” ტიპის 45 დრონიდან 40 – რომელთაგან ბევრი, გავრცელებული ცნობებით, მიემართებოდა ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ინფრასტრუქტურისკენ.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

რუსეთის არმიამ გასულ ღამით უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევზე მოაწყო მორიგი თავდასხმა დრონებით – აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები 11 თებერვალს.

თავდასხმის ამ ტალღას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე განხორციელებული სისხლიანი დარტყმა ხარკოვზე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე აღმოსავლეთით, რუსეთთან საზღვრის ახლოს.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის 22 დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 46 აფეთქება.

იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, სულ მცირე, 3 პირი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზიანებულია სახლები და სხვადასხვა შენობები.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 718-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და გენშტაბის უფროსის ახალი მოადგილეების დანიშვნაზე საუბრობს.

“მთელი დღე სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრებში გავატარე. ახლა ახალ პასუხისმგებლობას იკისრებენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან რა სჭირდება ჯარს. ომის გამოცდილება სამხედრო მეთაურებისთვის სასარგებლო იქნება. პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი – მისი ყურადღება გამახვილებულია უპილოტო სისტემებზე და ჩვენი ჯარისკაცების მიერ თვითმფრინავების გამოყენების განვითარებაზე. პოლკოვნიკი ანდრეი ლებედენკო – მისი ყურადღება გამახვილებულია ინოვაციებზე, კონკრეტულად არმიისა და საბრძოლო სისტემების ტექნოლოგიურ კომპონენტზე. ისინი დაინიშნნენ მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოადგილეებად.

საჭიროა მკაფიო პრაქტიკა ახალი ტექნოლოგიებით. ბრიგადის გენერალი ვლადიმერ გორბატიუკი – მისი ყურადღება კონცენტრირებულია ოპერატიულ მუშაობაზე, პერსონალის მუშაობაზე, დაგეგმვაზე, მენეჯმენტზე. ბრიგადის გენერალი ალექსეი შევჩენკო – მისი მიმართულებაა ლოჯისტიკა, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ჯარში ლოგისტიკური მხარდაჭერის მაქსიმალურ ხარისხს. ბრიგადის გენერალი მიხაილ დრაპატი – ის იქნება პასუხისმგებელი ჩვენი სამხედროების ხარისხიან მომზადებაზე – ის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სამხედრო მეთაურების, საბრძოლო ბრიგადების, ჩვენი ქვედანაყოფების რეალური გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს ჯარისკაცების მომზადების მაღალი ხარისხის სისტემა, საბრძოლო მოქმედებების შეფასებისა და ანალიზისთვის – ეს ყველაფერი საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდასხმების ფონია კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების პოტენციური შეფერხება მისი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერის, აშშ-ის მხრიდან, სადაც რესპუბლიკელი კანონმდებლები ბლოკავენ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკაში სიღრმისეული ცვლილებების გატარების მოთხოვნით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button