მნიშვნელოვანისიახლეები

სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესები განვითარდა მთის ფერდობიდან მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სიახლოვეს მეწყრული პროცესები განვითარდა, მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა და მდინარეში ჩადიოდა, რაც წყლის დაგუბების და დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.
ტაშისკარი მესამე ადგილია, სადაც 7 თებერვლის სტიქიური მოვლენების შემდეგ მეწყრული პროცესები განვითარდა.

„მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ამჟამად ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაბა სურამიდან 7 თებერვალს ღამით, ზინდისის დასახლებიდან 40 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაასახლეს. სოფელ ქვიშხეთში კი მეწყერმა საფრთხე ორ ოჯახს შეუქმნა და ისინიც გაიყვანეს ტერიტორიიდან.
ამ დღეების განმავლობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას.

6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button