უკრაინიდან დევნილთა რაოდენობამ, გაეროს თანახმად, 2 მილიონს მიაღწია
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის თანახმად, 2 მილიონს მიუახლოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც, რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შედეგად, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა და თავშესაფრის საძებნელად მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდის თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდი ლტლვილთა კრიზისია.
8 მარტს ისაუბრა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მოინახულა მოლდოვაში, პოლონეთსა და რუმინეთში უკრაინელი დევნილებისათვის მოწყობილი თავშესაფრები.
ფილიპო გრანდიმ ხაზი გაუსვა, რომ ბალკანეთში, ბოსნიასა და კოსოვოში რვაწლიანი ომის შედეგად დევნილად იქცა 2-დან 3-მილიონამდე ადამიანი, მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ომის ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელ დევნილთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს.
ეს ციფრი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ბევრი უკრაინული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოსვლას ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის გამო.
წინა დღით, 7 მარტს, გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა 1,7 მილიონს ითვლიდა.
უკრაინაში, დაახლოებით 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ლტოლვილთა უმეტესობა მეზობელ ქვეყნებში წავიდა, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა და პოლონეთი. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიძიელსკიმ გუშინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დღეში 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩადის პოლონეთში.
უკრაინიდან ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა. ქვეყანას ძირითადად ქალები და ბავშვები ტოვებენ.