მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინამ, კიევის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და თავდაცვითი პოზიციების ხელახლა დაკავება შეძლო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსული ძალების უკან დახევაში, ასევე გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

ომის ერთი თვე უკრაინაში – ოფიციალური მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად 135 ბავშვი დაიღუპა, 184-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის დედაქალაქში განგაშის სირენები მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩართული. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანი კიევის ალყაში მოქცევაა, თუმცა უკრაინული მხარე კიევის რეგიონში უკვე კონტრშეტევაზეა გადასული.

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქზე მიიტანეს იერიში. კიევის ოლქში ვასილკოვას დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რამაც გამოიწვია დიდი დაკვამლიანება, მათ შორის, კიევშიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, კიევის ოლქში, რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს კონტრშეტევა უკრაინის არმიის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. მათივე ცნობით, უკრაინის არმიამ სრულად დაიბრუნა კონტროლი ქალაქ ირპინზე, ხოლო ამ დროისთვის, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბუჩაში.

“გაერთიანებული ძალები აწარმოებენ მდგრად თავდაცვით ოპერაციას დონეცკის, სლობოჟანსკის და ტავრიის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენ ჯგუფს გამაგრებული აქვს პოზიციები ქალაქი ჩერნიგოვში და ხელს უშლის მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. რუსული, ტერორისტული ძალები შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და ომის წესებს,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ სრული კონტროლი აიღო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე.

“რუსეთის არმიამ სრული კონტროლი აიღო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე. გასული დღეების განმავლობაში საზღვაო – საჰაერო იარაღით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე ზუსტი იერიში მივიტანეთ. ასევე, ვაცხადებთ, რომ პენტაგონის ექსპერიმენტები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საშიში ინფექციების გავრცელებით. მიღებული დოკუმენტების თანახმად, ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც კონტრაქტი ჰქონდა შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან მუშაობდა უკრაინის თავდაცვის უწყებასთან, ისინი დაურეგისტრირებელ მედიკამენტებს სპეციალურად უკრაინელ სამხედროებზე ცდიდნენ,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button