მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის არმიამ გაანადგურა რუსეთის სამხედრო ძალების დიდი ოდენობის რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის ცნობით, დღეს მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა 5 საათზე მეტ ხანს ისმოდა, გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
მათ შორის ქალაქები: კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, ხარკოვი, დნიპრო, კრივოი-როგი, ზაპოროჟიე, ნიკოლაევი და ოდესა.

უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, 10 ოქტომბერს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ძალების 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, დღეს უკრაინის ცაზე სულ მცირე 18 რუსული რაკეტა განადგურდა.

“დღეს დილით, 4 რაკეტა განადგურდა სამხრეთში და დაახლოებით ერთი საათის წინ, ბოლო ინფორმაციით, კიდევ 14 საკრუიზო რაკეტა – ეს არის წინასწარი მონაცემები. ფაქტობრივად, ამ დროისთვის, საჰაერო თავდაცვამ დღეს 18 საკრუიზო რაკეტა გაანადგურა,” – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა.

იგნატი აღნიშნავს, რომ მტრის რაკეტების განადგურებამდე ჩართული იყო ყველა ძალა და საშუალება, მათ შორის ავიაცია და საზენიტო-სარაკეტო ჯარები.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტერი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების და მჭიდროდ დასახლებული ქალაქების წინააღმდეგ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო. გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგეს არ შეუძლია ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებით უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული კონტრშეტევის შეჩერება და ამიტომ ცდილობს მოსახლეობის დაშინებას და პანიკის დათესვას.10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი და 97 დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურის 70-მდე ობიექტი, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები და 40-მდე საცხოვრებელი სახლი.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებული დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით და ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს უკრაინის ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის და სამხედრო მართვის ობიექტებს. „ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და იმ მასშტაბის, რომელიც რუსეთისთვის შექმნილი საფრთხის დონეს შეესაბამება“, – თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტი სახელმწიფოს სახე, რომელიც უკრაინელ ხალხს ხოცავს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button