მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს შესახებ ოპოზიცია ეხმიანება

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა

იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამავე დროს მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება“, – წერს სამადაშვილი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში არსად არ არის მოწოდება ოპოზიციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. ერთადერთი მოწოდება ოპოზიციისთვის არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას.

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე;

ერთადერთი მოწოდება ოპოზიციისთვის არის — ერთიანობა;

ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი;

ამიტომ, თუ მაინცდამაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე;

ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას;

ანუ, გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები;

იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი „ქოცური“ ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება „ქოცური“ პროპაგანდის ინსტრუმენტი“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ევროპარლამენტარების მოწოდების გარეშეც შეგვეძლო იმის მიხვედრა, რომ ოპოზიცია თუ ერთიანი კანდიდატით გავიდოდა ამ არჩევნებზე, წარმატების შანსი ჰქონდა. წინა არჩევნების შედეგები გვეუბნება ამას. თუმცა მე ვერ გეტყვით, აქამდე რომ ვერ მიხვდა ოპოზიცია, რა უნდა გაეკეთებინათ. ის, რომ ევროპარლამენტარების მოწოდების საფუძველზე ამას მიხვდება, მაგაში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, „ლელომ“ არასწორი სტრატეგია აირჩია.

„მან ჯერ მხარი დაუჭირა და დააფინანსა იმ ხალხის ლანძღვა, ვინც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთო. ახლა თვითონ გადააწყვეტინეს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. ჯერ სათანადო ფინანსები აქვს დასახარჯი, მაგალითად, საკუთარი ჯიბის ტელევიზიაში – „ტვ პირველში“. ფული უნდა გადაუხადოს ჟურნალისტებს, ვინც აგინებდნენ ხალხს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მერე გრიგოლიამ ქება უნდა დაიწყოს და უკან წაიღოს თავისი ნალაპარაკები, მერე იგივე უნდა გააკეთოს მიშველაძემ, მერე ფული უნდა გადაუხადოს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს, ვისაც „ლელო“ აქამდე აქეზებდა, არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობაო.

ამიტომ ევროპარლამენტარების ნათქვამი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია. „ლელოს“ შიგნით აქვს ბულინგის პრობლემა, თორემ ევროპარლამენტის წევრების ნათქვამს, რომ გითხრათ, გადამწყვეტ მნიშვნელობას მივანიჭებდი, ასე არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა საკუთარ აზრს უნდა მიანიჭო. „ლელო“ როგორც აპირებს არჩევნებში გასვლას, მაგას სჯობს, არ გავიდნენ. სრულიად მართებულია „ლელოს“ მიმართ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ბულინგი. მარტო „ლელო“ თუ გავა არჩევნებზე, ეს არაფერ შუაში არ არის. „ლელო“ უნდა ყოფილიყო დონორი ერთიანობის, სადაც ხალხი დააყენებდა ზეპარტიულ კანდიდატს და „ლელო“ თავის პარტიულ ამბიციებს უკან გადადებდა. ეს იქნებოდა სწორი სტრატეგია, მაგრამ „ლელო“ თუ ამბობს, ხაზარაძე არის მთავარი მოგების კანდიდატი, მაგას სჯობს, ისევ ევროპარლამენტარებს დაუჯერონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად არის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცის ცვლილებისთვის“ მონაწილეობის მიღების შანსი, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ნაკლებად არის ამის შანსი, რადგან, მგონი, ეს „ქოცებთან“ შეთანხმების საგანია და არა იმიტომ, რომ რაციონალურად არ შეუძლიათ, დაინახონ და იფიქრონ. მგონია, გვარამია დღემდე სახელშეკრულებო ურთიერთობაშია „ქოცებთან“, რის საფუძველზეც ამდენი ფული იშოვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ვფიქრობ, ახლაც მაგ დავალებებს ასრულებს და „ქოცებისთვის“ ყველაზე სასურველი სქემა არის, სადაც ნახევარი ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და მეორე ნახევარი მას აგინებს ამ მონაწილეობისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.

„ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:

გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო; მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია; სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა; შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრულიად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

არცერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა“, – წერს ნიკა გვარამია.

ამასთან, გვარამია აღნიშნავს, რომ ისურვებდა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს უფრო მკაფიო ჩანაწერი გაეკეთებინათ, რათა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ დარჩენილიყო.

„აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არცთუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის მიღებაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია მონაწილეობაზე ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.

მსგავსი პოსტები

Back to top button