ბერა ივანიშვილი: საჩუქრად გადავცემ პირველ არხს აპარატურას
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟმა, ჯი-დი-ეს-ის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” მისი კუთვნილი კინოსტუდიის აპარატურას, საჩუქრად გადასცემს.
“მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს.” – წერს ბერა ივანიშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.
23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილის კომპანიისგან 346 098 ლარად იქირავებს განათებას. მაუწყებელს განათება სჭირდება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”.
მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობამდე იყო GDS-ის წამყვანი, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა. ივანიშვილის გადაცემა 20/30-ის ყოფილმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა, ცინცაძე GDS-ის სხვა 30 ჟურნალისტთან ერთად დაასაქმა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ცინცაძის გადაცემისთვის განათებას 9 თვით იქირავებს, ტენდერი ბერა ივანიშვილის კომპანია “სილქ ფაქტორი სტუდიომ” მოიგო და ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წელს, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” პირველად დახურვის შემდეგ ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი საჩუქრად “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2”-საც გადასცა, ცოტა მოგვიანებით კი “ინფო 9” – ის ტექნიკა ამ სააგენტოს ფუნქციონირებისთვის მის დამფუძნებლებს გადაეცათ.