უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე ისევ არსებობს
რუსებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, ფრონტის ყველა მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას. ისევ არსებობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე თავდაცვით მოქმედებებთან ერთად განაგრძობს უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციების დაცხრილვას ნაღმმტყორცნებისა და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით. სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ დნიპროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი სუ-24 და სუ-25.
მიუხედავად სარაკეტო თავდასხმისა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინელები მზად არიან რუსების შესაძლო დარტყმები მოიგერიონ.
“ტერორიზმია ის, რაც ხდება – სადღაც უფრო მეტი რაკეტა გამოიყენება, სადღაც ნაკლები. საჰაერო ძალები მზად არიან მოიგერიონ საჰაერო თავდასხმა”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატის თქმით, ყველაზე უარესი, რაც უკრაინელებმა განიცადეს, იყო თებერვალ-მარტში, როდესაც თითქმის ყოველდღე ასობით რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე დაფრინავდა. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთმა 16 000-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე.
23 ნოემბერს, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. უკრაინის ცნობით, რუსებმა 70 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს, აქედან 51 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.
ამასთან ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უკრაინაში.
“ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უკრაინაში, რადგან მათ გარკვეული სისუსტეები აჩვენეს მაღალი ინტენსივობის ბრძოლის დროს.
ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ზოგიერთი შიდა ნაკლოვანება გამოვლინდა უკრაინის ომის მაღალი ინტენსივობის, ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების დროს. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მიერ გამოყოფილი საბრძოლო ქვეითების შედარებით მცირე რაოდენობა ხშირად არასაკმარისია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, არტილერიის დეცენტრალიზებული განაწილება არ აძლევდა საშუალებას რუსეთს სრულად გამოეყენებინა თავისი უპირატესობა იარაღის რაოდენობაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.