მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც “რეფერენდუმი“ მიმდინარეობს, მოსკოვის “სრული დაცვის” ქვეშ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც “რეფერენდუმი“ მიმდინარეობს, მოსკოვის “სრული დაცვის” ქვეშ იქნება, თუ ისინი რუსეთის მიერ იქნება ანექსირებული. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნება თუ არა რუსეთს საფუძველი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის უკრაინის ანექსირებული რეგიონების დასაცავად.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა კი დასძინა, რომ რუსეთის ტერიტორია – მათ შორის ტერიტორიები, რომლებიც მომავალში რუსეთის კონსტიტუციაში იქნება დაცული – “სახელმწიფოს სრული დაცვის ქვეშაა”.

„რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ლავროვმა და მიუთითა რუსეთის დოქტრინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

გარდა ამისა სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატები და დასავლეთი მსოფლიო ჰეგემონიისკენ სწრაფვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ეცადა გაემართლებინა რუსეთის ე. წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.

მან ასევე ფსევდო რეფერენდუმზეც ისაუბრა და ვოლოდიმირ ზელენსკის 2021 წელს აგვისტოში გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა, სადაც ის იმ პირებს რუსეთში წასვლისკენ მოუწოდებს, ვინც თავს ეროვნებით რუსად მიიჩნევს. სერგეი ლავროვის თქმით, ადგილობრივები სწორედ ასე იქცევიან. მიაქვთ თავისი მიწა, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.

“აშშ-სა და მის მოკავშირეებს სურთ, ისტორიის ბორბალი შეაჩერონ. ოდესღაც გამოაცხადა რა გამარჯვება ცივ ომში, ვაშინგტონმა საკუთარი თავი აიყვანა უფლის მოციქულის რანგში, რომელსაც არ გააჩნია ვალდებულებები და აქვს მხოლოდ წმინდა უფლებები, იმოქმედოს დაუსჯელად, როგორც და სადაც სურს. დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეთანხმების უუნარობამ და კიევის რეჟიმის მხრიდან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის წარმოებამ, არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დონბასის რუსი და სხვა ეროვნების ხალხის დაცვის მიზნით, ჩვენი უსაფრთხოებისთვის საფრთხის ასაცილებლად, რომელსაც ნატო თანმიმდევრულად ქმნიდა უკრაინის ტერიტორიაზე,” – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button