მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს.”- წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შესთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გადაეცეს მას ჩვენი მკაცრი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.”- აცხადებს ზელენსკი.

3 ივლისს კლინიკა “ვივამედში” მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. 1 თებერვლის შემდეგ, როდესაც ის მისი სასჯელის გადავადების მოთხოვნით პროცესზე ჩაერთო დისტანციურად, ეს იყო სააკაშვილის პირველი საჯარო გამოჩენა. 3 ივლისის სხდომაზე, მნიშვნელოვნად სახეცვლილმა, დისტროფიულმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან “ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს”.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მიმართონ, არ მოახდინონ ამ საკითხის იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, -წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მან 3 ივლისს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვის შემდეგ გამოაქვეყნა.

3 ივლისს, სასამართლომ “7 ნოემბრის საქმე” განიხილა. ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button