მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული

ანდრეი სიბიგამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უკრაინის ელჩებთან ონლაინფორმატში პირველი თათბირი გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, 8 სექტემბერს გამართულ თათბირზე სიბიგამ ელჩებს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მათგან ელოდება ახალ დინამიკას და ინიციატივებს, ასევე იმას, რომ ისინი აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი ადგილობრივ მედიაში.

მინისტრის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას გარდა, უკრაინის ელჩები არ არიან საკმარისად წარმოდგენილი იმ ქვეყნის მედიაში, სადაც დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობენ. ასევე, საუბარი იყო რეგიონთაშორის თანამშრომლობასა და საპატიო კონსულების მუშაობაზე. კერძოდ, იგეგმება არაკეთილსინდისიერი და არაეფექტიანი საპატიო კონსულებისთვის აკრედიტაციების გაუქმება.

სიბიგამ დიპლომატებს ასევე აცნობა, რომ დაგეგმილია ბევრ საელჩოში საშტატო თანამდებობების შემცირება. ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა ZN.ua წერს, „თათბირზე საქართველოში უკრაინის მრჩეველმა-რწმუნებულმა საელჩოში სარეცხის მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი დააყენა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგამ მიზეზად ის დაასახელა, რომ ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები.
„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი.

ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მინისტრის თანახმად, ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები – კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. სიბიგას განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან. უკრაინას ორ წელზე მეტია საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა. 2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
შეგახსენებთ უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ მიიღო პირველი საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხო საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ მიხაილო ხარიშინსაც. სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან“.

მსგავსი პოსტები

Back to top button