მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ტერიტორიაზე 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა-ვითარება ისევ დაძაბულია უკრაინაში

რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ვაგნერის ყოფილ მებრძოლებს იყენებს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ყველაზე ინტენსიური შეტაკებები ხარკოვის და დონეცკის ოლქებშია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 7 შეტევა მოიგერიეს. დონეცკის ოლქში, მარინკის მიმართულებით, მოგერიებულია 7 და ბახმუტის მიმართულებით – 10 შეტევა.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულება, სადაც გასულ 24 საათში ყველაზე მეტი, 30 შეტევა, მოიგერიეს. გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ავიაციის მხარდაჭერით ცდილობენ ავდეევკის ალყაში მოქცევას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 26 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ამერიკელი ექსპერტები გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ რუსმა სამხედროებმა მცირედით წაიწიეს წინ ქალაქ ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთით, 7 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ კრასნოგოროვკასთან და ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე სამრეწველო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობითვე, 26 ნოემბერს უკრაინელი სამხედროები ავდეევკის წინა ხაზზე კონტრშეტევას განაგრძობდნენ, თუმცა წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

მიუხედავად წარუმატებლობისა რუსეთის ჯარებმა ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლა დაადასტურეს.

როგორც მედია წერს, მანამდე, 26 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა მცირე წინსვლა განიცადეს კრასნოგოროვკას ჩრდილო-დასავლეთით და ავდეევკას სამხრეთ-აღმოსავლეთით.

რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს მთელი ინდუსტრიული ზონა რკინიგზის სადგურთან, მაგრამ ომის შემსწავლელ ინსტიტუტს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარებმა განაგრძეს შეტევა ბახმუტის სამხრეთით და ზარალს აყენებენ რუსეთის ჯარებს სამხედრო ტექნიკით.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ვაგნერის ყოფილ მებრძოლებს იყენებს.

მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები ყოფილ ვაგნერელებს ძირითადად კუპიანსკის მიმართულებით იყენებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრძოლები გრძელდება ხარკივის რეგიონში, ივანოვკასთან და სინკოვკასთან.

“ლიმანის მიმართულებით, სერეაბრინსკის ტყის მიდამოში მტერი შეტევას ცდილობს. ამავდროულად, აქტიურად იყენებს ბომბდამშენებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს”, – თქვა სირსკიმ.

როგორც უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ამბობს, ბახმუტის მიმართულებით რუსული საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ კამიკაძე დრონებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ.
“ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში უკიდურესად ცუდი ამინდია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. ამ რთულ პირობებში ჩვენ ყველა განსაკუთრებით მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას, ვინც ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე.
ინტენსიური საომარი მოქმედებები არ წყდება დონეცკის მიმართულებებზე და კუპიანსკის მიმართულებაზე ხარკივის ოლქში. ჩვენს მეომრებს ასევე უკავიათ პოზიციები ქვეყნის სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს, ვინც იგერიებს მტრის შეტევებს ახლაც, ასეთ პირობებში”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვითარება ისევ დაძაბულია უკრაინაში – საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო უკრაინის სამხრეთ ოლქებში. 14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება. დაფიქსირდა 140-ზე მეტი აფეთქება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის გუშინ, ფრონტზე 46 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების საკითხზე კენჭისყრა 4 დეკემბრისთვის იგეგმება. ჩაკ შაუმერმა დემოკრატებს მოუწოდა რესპუბლიკელებთან ერთად მეტი იმუშაონ, რადგან ბაიდენის მიერ მოთხოვნილ დახმარებაზე შეთანხმებას მალე მიაღწიონ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მოიერიშე ჯგუფების ყველა დანაყოფს მადლობა გადაუხადა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოიერიშე ჯგუფებს და ყველა დანაყოფს რომელიც იცავს უკრაინას, ჩვენი ერის სიცოცხლეს და ჩვენს დამოუკიდებლობას. ერთი საათითაც არ წყდება ინტენსიური საომარი ქმედებები დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში, კუპიანსკის მიმართულებით. ჩვენი მეომრები ამაგრებენ პოზიციებს ქვეყნის სამხრეთში ზაპოროჟიესა და ხერსონში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button