თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა და დრო თითქმის ამოეწურა, დაფინანსების შეჩერება კი გაზრდის რუსეთის წარმატების შესაძლებლობას. ამ შინაარსის წერილი თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შალანდა იანგმა გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა ლიდერებს.
წერილის თანახმად, კონგრესის მოქმედების გარეშე, წლის ბოლომდე ამოიწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, ისევე როგორც ამერიკული სამხედრო მარაგიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად.
წერილში აღნიშნულია, რომ კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე „დააჩოქებს კიევს ბრძოლის ველზე“, ასევე „გაზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას“.
„არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი ამ მომენტის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის აღარ გვაქვს დრო. უკრაინის ეკონომიკა თუ დაინგრევა, ისინი ვერ შეძლებენ ბრძოლის გაგრძელებას. პუტინს ეს კარგად ესმის, რის გამოც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის განადგურება თავის სტრატეგიაში ცენტრალურ ნაწილად აქცია, რაც შეგიძლიათ, ნახოთ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსების პროცესს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი.
იანგის თანახმად, თუ კონგრესი არ იმოქმედებს, წლის ბოლოს ამოიწურება უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის შეძენის ან ამერიკის არმიის მარაგებიდან მიწოდების შესაძლებლობა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს არ გააჩნია ამ საჭიროების დაფინანსების ჯადოსნური წყარო.
მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი შეძლებს დამატებითი თანხების გაცემას საშობაო არდადეგებამდე ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად. სექტემბერში თეთრმა სახლმა კონგრესს სთხოვა, დაემტკიცებინა 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც მოიცავს 61 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას უკრაინისთვის, ასევე ისრაელის, ტაივანისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
შეგახსენებთ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჯერ კიდევ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის 96% უკვე დახარჯულია. თანხა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებისთვის. თანხის 90% სამხედრო მიზნებით დაიხარჯა.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.