მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლები მომდევნო კვირებში გაიხსნება. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. ამ დროისათვის, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ უკვე აღდგა დანიისა და ნორვეგიის სკოლების დაწყებით საფეხურებზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება, სადაც თითოეული კლასი რამდენიმე ჯგუფად გაიყოფა და გაკვეთილები მათ ცალ-ცალკე ჩაუტარდებათ.

საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო ჩეხეთმა. 27 აპრილიდან ჩეხეთში დიდი მაღაზიები, ავტოსკოლები, ფიტნეს-ცენტრები, ბიბლიოთეკები და ზოოპარკები ამუშავდნენ. ასევე ნებადართულია ღვთისმსახურება ეკლესიებში, არაუმეტეს 15 ადამიანის მონაწილეობით.

11 მაისს ჩეხეთში იგეგმება სავაჭრო ცენტრების გახსნა, შემდეგ კი, სასტუმროების და რესტორნების ამოქმედება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების უმეტესობა ევროპის ქვეყნებში სასწავლო პროცესის აღდგენას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, სკოლის მოსწავლეებს შორის დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის გაკონტროლება რთული იქნება, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ევროპის ქვეყნების კვალდაკვალ, საგანგებო შეზღუდვების საწინააღმდეგო პროტესტი მატულობს საქართველოში.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადაადგილების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე, ხშირ შემთხვევაში, აბსურდული იყო და შერჩევითად სრულდებოდა“.

„ყველა ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში, მთავრობებმა დაიწყეს ეკონომიკის სწრაფად გახსნა და მოქალაქეებისთვის შანსის მიცემა, რომ შეინახონ საკუთარი ოჯახები და აღარ მიიღონ უმძიმესი დარტყმები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პირობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ, რა ტემპში გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან, იმიტომ, რომ ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ის, ვინც ამ პროცესში დააგვიანებს, მიიღებს კიდევ უფრო მეტ ზარალს. ეს აისახება მოქალაქეებზე, ოჯახებზე და შეიძლება უმძიმესი შედგებით დასრულდეს. ის შეზღუდვები, რომელიც აქამდე იყო შემოღებული, იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაუკარგა ეფექტი და აზრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მათ მიერ შემოთვაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის, გაუაზრებელი და დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. სწორედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის შემდეგ, 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, გახსნას ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ ოჯახი შეინახოს. იქამდე, უნდა შეიმუშავოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. მაგალითად, პირბადეების სავალდებულობა დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა და ამ წესების დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, იყოს ჯარიმები და შემდგომი ადეკვატური სანქციები.

მეორე – მყისიერად მოხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს.

მესამე – აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება, იმიტომ, რომ ესეც უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანას და უნდა შემოიღოს ტესტირების წესი, სადაც ინფიცირების ზონა არის. მაგალითად, სწრაფი და მასობრივი ტესტირება, იმისათვის, რომ პრობლემები გამოირიცხოს.

მეოთხე – კერძო ავტომობილებთან დაკავშირებით აბსურდული შეზღუდვებია, ოჯახის წევრების გაადგილებასთან დაკავშირებით.

მეხუთე – უნდა გაუქმდეს, სოფლის მეურნეობის ექსკლუზივი, რომელიც მიეცა ფირმებს და ფირმებს შორის კონკურენცია იყოს.

მეექვსე – სასწრაფოდ გაიხსნას საჰაერო სივრცე, ოღონდ, იქვე შეიძლება დაწესდეს ტესტირების და კარანტინის აუცილებლობა შემომსვლელი ადამიანებისთვის. მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ასეთი შეზღუდვების მოხსნა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ არ ჩამოვრჩეთ. რა თქმა უნდა, შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს, ყველაზე სახიფათო ჯგუფებისთვის 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და მასობრივ შეკრებებზე, ფიზიკური პირების. ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალიან სწრაფად“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები ექვსი ეტაპის განმავლობაში განხორციელდება, რომელთაგან თითოეული ეტაპი 2 კვირას გასტანს. მთავრობის განცხადებით, გატარებული ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირებას და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button