გიორგი გახარიამ ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა

საარჩევნო უბანთან, ხმის მისაცემად მისულმა პრემიერმინისტრმა ,გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, უარი თქვას ბოიკოტზე და პარლამენტში შევიდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე ტურში არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, პოლიტიკოსებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში გადაინაცვლოს.
„ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბანზე მისცა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარია, ხოლო „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებიდან“ შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.