„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება
დღის მთავარი აქციისთვის საორგანიზაციო საკითხები თითქმის დასრულებულია. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე სცენა და ხმის გამაძლიერებლები უკვე დაამონტაჟეს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.
აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
“ჩვენ ქვეყანას ბევრი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, ევროპული მომავლის მხარდამჭერი საჯარო მოხელე ყავს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19:00 ზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”
– წერს მარტის აქციების მონაწილე, “ქალი ევროკავშირის დროშით,” ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში.
თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა თაობები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი კუპატაძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილეები არიან.
„დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესის მომსწრე და მონაწილეები ვართ. თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა ამ ქვეყანაში თაობები. ეს არ არის მხოლოდ ამ თაობის სურვილი, ეს არის მთელი წინა თაობების სურვილი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც წინა წელს, წელსაც ვდგავართ აქ ქართველი ახალგაზრდობა, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი!“- განაცხადა გიორგი კუპატაძემ.
გიორგი კუპატაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, საპროტესტო აქცია სახელწოდებით “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”- რამდენიმე საათში, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ გაიმართება!