ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარათ
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა „ვაკის პარკის საქმეზე” ბრალდებულ ცხრავე პირს.
პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას. მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობები გაიზიარა.
აღნიშნული საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, კერძოდ, არსებობდა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი.
„გრინსერვის+“ – ის უკვე ყოფილი დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღარ არის კომპანიის დირექტორი და მოსამართლეს შესაბამისი ამონაწერი წარუდგინა. ამიტომ, ჩოფიკაშვილი გამორიცხავს დანაშაულების ჩადენას, რომელიც დოკუმენტების გაყალბებას ან მოწმეებზე ზეგავლენას უკავშირდება.
ჩოფიკაშვილმა ილაპარაკა კიდევ ერთი გარემოების შესახებ.
„ჯერ ბრალიც კი არ ჰქონდა წაყენებული ფურცხვანიძეს, როდესაც გუშინ, 20:00 საათზე პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აუცილებლად პატიმრობა იქნებოდა ცხრავე ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი. არცერთი ბრალდებულის მიმართ ბრალის წარდგენის პროცესი დასრულებული არ იყო. ამით რისი ლუსტრირება მინდა? პროკურატურისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც პიროვნულ მახასიათებლებს, არ კონკრეტულ გარემოებებს და არც იმას, ვინ ითანამშრომლებდა, ვინ აარიდებდა კითხვებს პასუხს და ვინ დაეხმარებოდა გამოძიებას. არაფერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ცხრავე ადამიანი დაპატიმრებული იქნებოდა”, – თქვა ადვოკატმა. ჩოფიკაშვილის აზრით, ბრალდების მხარის მიდგომა არის ფორმალური.
ბრალდების მხარის განცხადებით, მთავარი არ არის, რომ მან კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა. პროკურორის თქმით, ლაშა ფურცხვანიძის შემთხვევაში აშკარაა ფაქტობრივი მოცემულობა და ავტორიტეტი. ამასთან, შესაძლოა, რომ ის კვლავ დააბრუნონ კომპანიის ხელმძღვანელად ან ახალი კომპანია დააფუძნოს.
პროკურორი, ასევე, გამოეხმაურა ადვოკატის უკმაყოფილებას იმით, რომ შუამდგომლობაში ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ მითითებულია წარსულში უცხოეთში მისი მოგზაურობები.
„ადვოკატებმა თქვეს, ის, რომ საზღვრის კვეთა არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ მიიმალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ ვაპელირებთ, ეს არის მცირე კომპონენტი ჩვენი დასაბუთებისა. მას უკვე აქვს საზღვარი გადაკვეთილი, საზღვარგარეთის ქვეყნებში ნამყოფია. დადასტურებით იცის, საზღვარგარეთის ქვეყნებში, სად, როგორ შეაფაროს თავი წასვლის შემთხვევაში. როგორ იპოვოს გადაადგილების გზები, როგორ ნახოს საცხოვრებელი. ამაზე არის საუბარი. ჩვენ არ ვანიჭებთ ამას მნიშვნელობას, უბრალოდ ერთ-ერთი რაღაც მცირე… ის, რომ საზღვრის კვეთა არსებობს, ეს ამ გარემოებებიდან გამომდინარე რაღაცას ნიშნავს”, – განაცხადა პროკურორმა.
თავად ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ მისი მიმალვის საფრთხე შეუძლიათ აღკვეთონ პასპორტით ჩამორთმევით.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს დაინიშნა.
გენერალურმა პროკურატურამ 19 ოქტომბერს ბრალდება წარუდგინა „ვაკის პარკის საქმეზე” დაკავებულ ცხრა პირს.
ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივ გულგრილობას, საწარმოში ჩადენილ გულგრილობას, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი+-ის” დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი+-ის” ქვეკონტრაქტორი ფირმის – ,,ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს, “ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ექსპერტს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, ერთი მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, მეორე მხრივ კი, დოკუმენტები გააყალბეს.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა,
დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიღიტაშვილი. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს – დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.
დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას.
ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გიორგი გობეჯიშვილი და ვალერი გობეჯიშვილი მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა