ვაქციანაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირები კახეთში სინოდის გადაწყვეტილებას ელიან

“ვაქცინაციაზე ველოდებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ჩვენი ეპარქიის წინამძღოლი არ ეკუთვნის იმ სასულიერო პირთა რიცხვს, რომელიც ამბიონიდან პოლიტიკურ ან საყოფაცხოვრებო განცხადებებს აკეთებენ”- ამის შესახებ რადიო ჰერეთთან, ალავერდის ეპარქიის წარმომადგენელმა, დედა მარიამ ტოროშელიძემ განაცხადა.
ალავერდის ეპარქიაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით, ვაქცინაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.
” ცალკეული პირების განცხადებები ვერ იქნება ეკლესიის პოზიცია. ჩვენ ველოდებით, საჭიროდ ჩათვლის თუ არა წმინდა სინოდი, ამ საკითხზე მსჯელობას. როგორც ვიცით, ჯერ მედიკოსები არიან პირველ რიგში, თუკი დადგება საკითხი ისე, რომ ვაქცინაცია შეეხება ჩვენს სეგმენტს, დიდი ალბათობით, ამაზე მსჯელობა იქნება. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სინოდი, იმას დავემორჩილებით ჩვენც”- განაცხადა დედა მარიამმა.
სინოდის გადაწყვეტილებას ელოდებიან, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერშიც.
დედა იოანა მახარობლიძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მონასტრის პოზიცია, მთლიანად ეკლესიის პოზიციის თანხვედრი იქნება.
” რაღა დარჩა სინოდის სხდომამდე. თუ სინოდი ამაზე მსჯელობას საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ დავემორჩილებით, რასაც ის იტყვის. ასე განყენებულად ვერაფერს გეტყვით” – განაცხადა დედა იოანამ.
წმინდა სინოდის სხდომა საპარტრიარქოში უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ- ერთი საკითხი, რაზეც მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ, ვაქცინაციის საკითხი იქნება