მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ბირთვული იარაღით იმუქრება

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ისევ იმუქრება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის შემდეგ, განცხადებას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესახებ დიმიტრი მედვედევი აკეთებს. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიუთითებს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება.
“რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არამხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

თუ წარმოვიდგენთ, რომ NATO-ს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების წესების შესაბამისად, ჩვენ ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა”, – წერს Telegram-ზე მედვედევი.
რამდენად რეალურია კრემლის მუქარა? ფაქტია, რომ პუტინმა მასობრივი განადგურების იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზეც განათავსა. აგრესორის დღევანდელ განცხადებაზე ოფიციალური კიევი ჯერჯერობით დუმს. დუმს პოლონეთიც, თუმცა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს და დამატებით მძიმე ტექნიკას აგზავნის.

ფაქტია ისიც, რომ აგრესორის ყველა მუქარა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას ეხება, ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროების წარმატებას ემთხვევა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეები აქვთ ბახმუტის მიმართულებით, სადაც კიდევ 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. ასევე, საოკუპაციო ძალა ეტაპობრივად თმობს პოზიციებს მარიინკას და ავდიივკას მიმართულებით.

ბრძოლის ველზე რუსული არმიის ფიასკოზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში, მართალია, მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ყველა დასახულ მიზანს აღწევს.

უკრაინისთვის უმძიმესი სცენარი მის მშვიდობიან მოსახლეობაზე უწყვეტი თავდასხმაა.

აგრესორმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დღეს დილიდან დაიწყო. კრივი რიჰში რუსული არმიის მართვადი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სრულად განადგურებულია ერთი სადარბაზოს ოთხი სართული. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა ქალი და მისი 10 წლის შვილი. სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო 75-მა. აქედან 4 მცირეწლოვანია. მიწასთან არის გასწორებული ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაც.

კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა ხარკოვის ოლქში. ნოვობავარსკის ტერიტორიას საოკუპაციო ძალამ “S-300” ტიპის რაკეტებით შეუტია. დაშავდა 5 ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილი. ოკუპანტის ჭურვებმა იმსხვერპლა 3 მშვიდობიანი მოქალაქე ხერსონში. აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან ერთ კვირაში უკრაინელებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button