ვაქცინაციაში ჩართვას კერძო კლინიკების სტომატოლოგებიც შეძლებენ
ვაქცინაციაში ჩართვას ბინაზე მომუშავე და კერძო კლინიკების მფლობელი სტომატოლოგებიც შეძლებენ.
აცრისათვის დარეგისტრირება მათ, სამედიცინო პერსონალისათვის გათვალისწინებული წესით შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვაქცინაციისათვის თელავში ერთ- ერთი პირის საკუთრებაში არსებულმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, რეგისტრაცია უკვე გაიარა.
” გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, რადგან სტომატოლოგებთან უამრავი ადამიანი მკურნალობს და თითქმის ყველა მუშაობს ან ბინაზე, ან კერძო კლინიკა აქვს. ამიტომ ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ერთმა ასეთმა კლინიკამ უკვე მიიღო აცრის გადაწყვეტილება, რადგან სტომატოლოგებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინით აცრა კახეთში 15 მარტს, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო.
სულ აცრის ჩასატარებლად რეგიონის 13 სამედიცინო დაწესებულებაა რეგისტრირებული. აქედან ოთხი თელავის, სამი საგარეჯოს და თითო- თითო კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან.
პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა, სულ 1900 დოზა ვაქცინა მიიღეს.აქედან 600 თელავში, 500 საგარეჯოსა და გურჯაანში, ხოლო 300 დოზა ახმეტაშია შეტანილი.