ვაქცინაციის ჩატარება კახეთში ამბულატორიებშიც იქნება შესაძლებელი

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კახეთში, სოფლების ამბულატორიებშიც იქნება შესაძლებელი.
მოსახლეობას სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინის გაკეთება შეუძლია. ამბულატორიებში ვაქცინაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაციისათვის ხუთი დიდი სოფელი შეირჩა.
“დღევანდელი მდგომარეობით შერჩეულია ველისციხე, გურჯაანი, კაჭრეთი, კალაური და შაშიანი. ყველა მსურველს შეუძლია გაიკეთოს სინოფარმი და სინოვაკი. ვერ გეტყვით, რომ რიგებია, საშუალო აქტივობაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოიმატებს. დაგეგმილია, რომ სხვა სოფლებიც ჩაერთვებიან და ვაქცინაცია მთლიან რეგიონს მოიცავს” – განაცხადა გოგაშვილმა.
აქამდე, ვაქცინაცია მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში ტარდებოდა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უწევდათ.
კახეთის რეგიონში აცრილი პირების რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, ყველაზე მეტი მოქალაქე, სინოფარმის ვაქცინით იცრება.