მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის პროპაგანდაზე საპატრიარქომ გამყრელიძეს უარით უპასუხა

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესია სინოდის 11 თებერვლის განჩინებით ხელმძღვანელობს.

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ”, – წერს ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაზე.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდლმთავრებს მიმართა და ვაქცინაციის პროცესში დახმარება სთხოვა. გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობას ექიმების ნაკლებად სჯერა.

“გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ”, – მიმართა გამყრელიძემ სასულიერო პირებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button