ვაქცინაციის ტემპი შემცირდა რაც საგანგაშოა-თამარ გაბუნია
ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს რომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა.
“ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმისი დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა.
რამდენიმე დღეა, რაც წამახალისებელი ლატარია მოქმედებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ მოვიშველიებთ, იქ ჰქონდა ლატარიას გარკვეული შედეგი, მოკლევადიანი. ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ იმისთვის, რომ ვნახოთ რა შედეგი გვექნება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 34 ადამიანი.