ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო მაღლაფერიძის განცხადებას დააკმაყოფილებს, პირველი არხის დირექტორის თანამდებობა კვლავ ვაკანტური გახდება.
„მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ“, – ვკითხულობთ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა.
მაღლაფერიძე აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მიმარულებაზე, სადაც მისი თქმით, პირველმა არხმა სატელევიზიო თუ რადიოს მიმართულებით წარმატებებს მიაღწია.
მაღლაფერიძე აგრეთვე პირველი არხის ვებგვერდის 1tv.ge-ს შესახებ წერს და ამბობს, რომ ვებგვერდი ორწელიწადნახევარში ლიდერი გახდა მედიაბაზარზე.
მაღლაფერიძე კიდევ მრავალ წარმატებაზე მიანიშნებს, რასაც პირველმა არხმა მისი დირექტორობის დროს მიაღწია და მომავლის გეგმებზეც აცხადებს, თუმცა, იქვე მისი გადადგომის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღბას.
„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – წერს მაღლაფერიძე.
მისი თქმით, არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას.
„ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს“, – აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძე 2017 წელის იანვარში, 6 წლის ვადით აირჩიეს. მანამდე კი თანამდებობა ასევე ვადაზე ადრე, ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დატოვა. გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას სულ 14 კანდიდატი იღებდა. მეორე ტურში მხოლოდ 5 მათგანი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.
ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ასევე მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში.
როგორც „კანონში მაუწყებლობის შესახებ“ არის მითითებული, სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ მაუწყებლის ბორდმა 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს, 30 დღის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.
გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.