ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილს ადანაშაულებენ
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა, რაც სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხებოდა. შიხიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მას არ სურდა ვეტერანებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო და ამით სამსახური არ დაზარალებულიყო, მან პრემიერთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი ნებით მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ვეტერანები ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობაში ერთად ელოდებოდნენ. მათთვის უცნობია დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ვინ იქნება, თუმცა მას გარკვეულ მოთხოვნებს უკვე უყენებენ. ვეტერანთა წარმომადგენელი აცხადებს, რომ შიხიაშვილი ფულს თავისი ინტერესებისთვის ხარჯავდა. ვეტერანები ითხოვენ, რომ, პირველ რიგში, აღდგეს და ფუნქციონირება გააგრძელოს ვეტერანთა ჰოსპიტალმა და ასევე ვეტერანთა საქმის დეპარტამენტის მუშაობა უფრო გამჭვირვალე იყოს.
მოუსმინეთ ვეტერნათა კომენტარებს
ირაკლი შიხიაშვილის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია გავრცელდა. ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გენერალთა კლუბის ერთ-ერთი წევრის, კობა კობალაძის, კანდიდატურა განიხილება. კობა კობალაძე გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.