მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ვეთანხმები მობილიზების გამოცხადებას, რომლის მიზანი არჩევნები და ჩემი გათავისუფლებაა”

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეთანხმება მისი პარტიის გეგმას, რომლის მისაღწევადაც “ნაციონალური მოძრაობა” საერთო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისსავე “ფეისბუკის” გვერდზე ვრცელდება.
“ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის “რაც გინდა ის უწოდეები”, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში – 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო.
ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა.
ვეთანხმები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.
საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს.”- წერია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას პატიმრობა ორ საქმეზე მიუსაჯეს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის – ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო. კიდევ ერთი საქმე მის წინააღმდეგ საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გამო აღიძრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button