მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“ვიდრე სახლი არ დაგვენგრა, ყურადღება არავინ მოგვაქცია”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში, სადაც, უმეტესწილად, ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა. ალიზის ერთსართულიან, ნახევრად ჩამონგრეულ სახლში დედა-შვილი ცხოვრობს და, როგორც თავადვე ამბობენ, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.

დაზარალებული სვეტლანა მარდოვინა ამბობს, რომ სახლს, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ აშენდა, კედლები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაებზარა.

სვეტლანა ამბობს, რომ მთელი ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში არიან, რადგან თავად ხანში შესულია და შრომა არ შეუძლია, შვილი კი მხოლოდ სეზონურ სამუშაოზეა დასაქმებული დამხოლოდ საკვებისათვის საჭირო თანხას გამოიმუშავებს.

დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ახლა, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ და ღამეებს ნანგრევებში შიშით ათენებენ.

„დილით მე და ჩემი შვილი ოთახში ვიყავით და ყავას ვსვამდით. მოულოდნელად კედელი მოწყდა და ჩამოინგრა. კიდევ კარგი, მოვასწარით სახლიდან გაქცევა, თორემ, ალბათ, ნანგრევებში მოვყვებოდით.მოსული იყვნენ პოლიციიდან და სამაშველო სამსახურიდან, ასევე მერიის წარმომადგენლები. მითხრეს, რომ შეისწავლიან ჩემს პრობლემას და შემდეგ იმსჯელებენ დახმარებაზე.ახლა ამ სახლს ვინც შეხედავს, რაღად უნდა ამას შესწავლა და მსჯელობა. სახლი, ფაქტიურად, აღარ არსებობს. 10 წელზე მეტია, რაც სახლმა დაშლა დაიწყო. ძველი, ალიზის სახლია. ამ ხნის განმავლობაში მერიაში არაერთხელ შევიტანეთ განცხადება. დახმარებას ვითხოვდით, დაპირებაც მივიღეთ, მაგრამ, ხედავთ, სახლი თავზე დაგვენგრა. სოციალური დახმარებაც კი არ გვაქვს“.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დახმარების საჭიროებაზე ლაპარაკობს დანგრეული სახლის მეპატრონე, სვეტლანა მარდოვინას შვილი, ლარისა. ის ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო მათ არ დაეხმარება, არ ჰყავთ ნათესავები, ვინც შეძლებდა მათთვის საცხოვრებელი ფართი გამოეყო. ლარისა მარდოვინას თქმით, ხელისუფლება, 10 წელია, მათ პრობლემას აღიარებს, დახმარებას ჰპირდება, მაგრამ ეს დრო ჯერ ვერ დადგა. ლარისას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას ახლაც დაჰპირდნენ, მაგრამ, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, იმედიანად ვერ არიან.

„დედა-შვილი ვცხოვრობდით ამ სახლში. არ გვყავს არც ნათესავები და არავინ ისეთი, ვინც შეგვიფარებს და დაგვეხმარება. დედა ხანში შესულია, მეც უმუშევარი ვარ. ქირით თუ სადმე ვიმუშავებდი ხოლმე და ახლა ამის გაკეთებაც შეუძლებელია.უკვე ბევრი წელია, რაც ეს პრობლემა გვაქვს. ძალიან ბევრი განცხადებით მივმართეთ მერიას, რომ დაგვხმარებოდნენ და გაემაგრებინათ სახლი, მაგრამ ამაოდ. სანამ სახლი თავზე არ ჩამოგვენგრა, მანამდე არავინ მოგვაქცია ყურადღება. ახლაც რა დახმარებას გაგვიწევენ, არ ვიცით. უნდა ვიმსჯელოთო, ასე გვითხრეს“.

სოფელი დავითიანი ცოდნისკარის თემში შემავალი დასახლებაა. ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი ამ თემში, ზურაბ გამხარაშვილი, ამბობს, რომ სოფელში სახლების 80 პოროცენტი გასული საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული და, შესაბამისად, ამ სახლების უმეტესობა ინგრევა. რაც შეეხება მარდინოვების პრობლემას, გამხარაშვილმა თქვა, რომ განიხილავენ დედა-შვილის სხვა სახლში ქირით გადაყვანის საკითხს, თუმცა მანამდე პროცედურებია გასავლელი:

„ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა დავითიანში.ეს სოფელი დასახლებულია გასული საუკუნის 20-იან წლებში. ამ დანგრეული ბინის გარდა, თითქმის იგივე მდგომარეობაშია სახლების 80 პროცენტი. დავალება მაქვს მიღებული, რომ საკითხი შევისწავლო და გამოვავლინო ისეთი ბინა, რომელშიც ამ მოქალაქეების, დედა – შვილის, გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ადგილზე კომისიაც ჩამოვა, შეისწავლიან და, შესაბამისად, მათ ჩვენ შეძლებისდაგვარად აღმოვუჩენთ დახმარებას“.

ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მარდინოვებს სახლს დაუქირავებს, მანამდე დაზარალებულებს სახიფათო გარემოში უწევთ ცხოვრება. სახლის ერთი კედელი მთლიანად ჩამოშლილია და დანარჩენებიც იშლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button