ვინ არის კახეთის გუბერნატორის ახალი მოადგილე

კახეთის გუბერნატორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი შიოშვილმა ვაკანტურ თანამდებობაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ფრაქცია-ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი დანიშნა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლა, რადიო ჰერეთს, თავად ლილუაშვილმაც დაუდასტურა.
” გიდასტურებთ, რომ დავინიშნე, გუბერნატორის მოადგილედ. დანიშვნა მოხდა, 21 მაისს ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც პლატონ კალმახელიძის გადაყვანის შემდეგ განთავისუფლდა”- განაცხადა ლილუაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის განმარტებით, თვითმმართველობის ორგანოში, ახალი წევრი ” ქართული ოცნების” პარტიული სიიდან შევა, თუმცა შესაძლოა, ის ფრაქციაში არ გაწევრიანდეს.
” კანონის თანახმად, საკრებულოში, თანხმობის შემთხვევაში, პარტიული სიის მომდევნო წევრი შემოვა, მაგრამ შეუძლია ფრაქციაში არც გაწევრიანდეს. ფრაქცია 11 დეპუატატისგან შედგება, ამიტომ მას დაშლის საფრთხე არ აქვს. ახალ თავმჯდომარეს, ისინი საკუთარ სახდომაზე აირჩევენ”- განაცხადა გალახვარიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკადრო გადაადგილებაზე ინფორმაციას, დეპუტატები ცნობად მიიღებენ, 31 მაისს ჩატარდება.
ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ” თავმჯდომარე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.
2014- 2017 წლებში, მას ქალაქ თელავის არჩეული მერის მოადგილის პოსტი ეკავა.