მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვინ მისცემს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს

“ევროპული საქართველოს” პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, უცვლელია. გიგა ბოკერიამ ელჩების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მადლობელია საქართველოს მეგობრების ინტერესის გამო, თუმცა პარტია კანონპროექტს მხარს მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების შემდეგ დაუჭერს.

“მადლობელი ვართ საქართველოს მეგობრებისა, რომლებიც აპირებენ იმ პირობებშიც კი, თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დროის მანძილზე არ შეასრულებს პირობას, ანუ დარჩენილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

“ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მოხდეს ვითარების ნორმალიზაცია, ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ცვლილებებში და შემდეგ იყოს ნორმალური კამპანია და მერე ყველა შეეგუოს ამომრჩევლის ვერდიქტს.

“ეს არის ჩვენი ამოცანა, ოღნოდ ამ ვითარების გასაღები, სამწუხაროდ, სანამ ხელისუფლებაში არიან, არის ივანიშვილის ხელში. მის ხელშია რურუას გათავისუფლებაც, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის… ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, თუმცა გასაღები, ჯერჯერობით, სანამ არ შეიცვლება მშვიდობიანად ხელისუფლება, არის ივანიშვილის ხელში.” – აღნიშნავს ის.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია ცვლილებების მხარდაჭერას ამ მოცემულობით, ბოკერია პასუხობს:

“ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენთვის შეთანხმება არის მთლიანი”.

ამ დრომდე “ევროპული საქართველოს” მსგავსი პოზიცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც”, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ელჩების განცხადება სერიოზულია და აღნიშნულზე იმსჯელებენ.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებული აქვს შვიდი ხმა.

“ჩვენ დავაკვირდებით, რეალურად არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება “ქართულ ოცნებაში”, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა.” — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 19 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 21 ივნისს კი, მას პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს. ოპოზიცია კი, ისევ ბოიკოტის რეჟიმშია, ამიტომ განხილვის საგანი გახდა, ეყოფა თუ არა ცვლილებების მიღებას ხმები. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებმა განცხადება დღეს, 19 ივნისს გაავრცელეს და 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოსიაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელი რომ იყოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა. ამაზე სალაძემ დღეს, 19 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. საიას წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმის პირველ საპარლამენტო განხილვას დაესწრნენ.

“მე რომ ოპოზიცია ვიყო, დავუჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს სულაც არ შემიშლიდა ხელს იმაში, რომ გავაგრძელო ჩემი შემდგომი საქმიანობა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით. თუმცა, მე არ ვარ პარლამენტში და იმ ღილაკს არ ვჭერ ხელს. თუ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, არანაირი გარანტია არაა უკეთესი არჩევნების წელს, ვიდრე ამ ცვლილებების პირობებში შეიძლება მივიღოთ. როცა ოპოზიცია თანხმდება, რომ არსებული სისტემა ცუდი და არადემოკრატიულია, ცხადია, ყველამ უნდა გაიღოს წვლილი ამ პროცესში.” — განაცხადა მან.

ოპოზიციური გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ეს 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებისას არავის გათავისუფლებაზე უსაუბრიათ და ეს ოპოზიციის მოგონილი საკითხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button